უსინათლო ადამიანების დამოუკიდებელი ცხოვრების შესახებ ფიქრი და აქტიური მუშაობა განმანათლებლობის ეპოქიდან დაიწყო. ის აქტუალობას არ კარგავდა და არც მოდერნულ თუ პოსტმოდერნულ ეპოქაში კარგავს. ზოგადად, დამოუკიდებელი ცხოვრება მეტად კომპლექსური საკითხია. იგი მოიცავს სხვადასხვა კომპონენტს, რომლის გარეშეც ნებისმიერი ადამიანი, და მით უფრო  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ვერ შეძლებს დამოუკიდებელ და სრულფასოვან ცხოვრებას.

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ მცირე ექსკურს სხვადასხვა ეპოქის ისტორიული და რელიგიური წყაროებიდან, ყურადღებას გავამახვილებ მხედველობის შეზღუდვის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხების შესახებ, როგორებიცაა: უსინათლო ბავშვის აღზრდა სრულფასოვან ადამიანად და მოქალაქედ; ხარისხიანი განათლების, ადეკვატური საცხოვრებლისა და ღირსეული დასაქმების მნიშვნელობა უსინათლოთა დამოუკიდებელი ცხოვრების განხორციელებაში; ეკონომიკური დამოუკიდებლობა, როგორც დამოუკიდებელი ცხოვრების ბაზისი. ხსენებულ საკითხებს მიმოვიხილავ ისტორიული, რელიგიური,  სამართლებრივი, პოლიტიკური ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პერსპექტივიდან. უსინათლოთა დამოუკიდებელი ცხოვრების გააზრებისთვის, განვიხილავ პრაქტიკულ მაგალითებს ქართული და უცხოური გამოცდილებებიდან.

 

უსინათლო ადამიანებისა და მათი ცხოვრების შესახებ სხვადასხვა ისტორიულ თხზულებებსა და რელიგიურ წიგნებში არაერთ ინფორმაციას ვხვდებით, როგორც დაწინაურებული, დაფასებული და აღიარებული პოზიციით, ისე დაცემული, განადგურებული და სასჯელდადებული სახით.